logo
ENG



დეგნანი ღარიბაშვილის ბოიკოტზე: იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედია არ იყო მიწვეული

17 ივლ 202117:31
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი ღარიბაშვილის ბოიკოტზე: იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედია არ იყო მიწვეული

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა კრიტიკული არხები ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია და ამბობს, რომ ამით იმედგაცრუებულია. 

ელჩის თქმით, ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. 

"მედია თავისუფლება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ყველა მედია საშუალებისგან. იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული", - თქვა კელი დეგნანმა

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიტიკულმა არხებმა - ფორმულამ, მთავარმა არხმა და TV პირველმა "ყველანაირი წითელი ხაზი" გადაკვეთეს. ამ მიზეზით პრემიერმა სამი ტელეკომპანია ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია. 

დღეს ღარიბაშვილი Army City-ს პროექტის დასათვალიერებლად მივიდა. განცხადება კი მან მხოლოდ რუსთავი 2-ის, იმედის, POSTV-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები იყვნენ. 

ირაკლი ღარიბაშვილი პირველი არაა მმართველი გუნდიდან, ვინც მედიას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ კრიტიკულ არხებთან კომენტარებს აღარ გააკეთებენ. 

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტების დაშავებასა და ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე მედიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით  საპროტესტო აქციებს აწყობენ. 

 


close დახურვა